ვინ არის ზარალის შემფასებელი და როგორ რეგულირდება სადაზღვევო ზარალი საქართველოში
ვინ არის ზარალის შემფასებელი და როგორ რეგულირდება სადაზღვევო ზარალი საქართველოში
თუ ოდესმე გქონიათ სადაზღვევო შემთხვევა – დაწყებული ავარიიდან, დამთავრებული ქონების დაზიანებით – დიდი ალბათობით, შეგხვედრიათ ზარალის შემფასებელიც, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არც იცის, თუ რა როლი აქვს ზარალის დამოუკიდებელ შემფასებელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ანაზღაურების პროცესში?
მარტივად რომ ვთქვათ, ზარალის შემფასებელი, იგივე Loss Adjuster არის სპეციალისტი, რომელიც იკვლევს სადაზღვევო შემთხვევას, აფასებს მიყენებულ ზიანს, აგროვებს შესაბამის ინფორმაციას და ამზადებს მიუკერძოებელ დასკვნას ზარალის შესახებ. ამდენად, მისი სამუშაო სადაზღვევო მოთხოვნის რეგულირების პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ვინ არის ზარალის დამოუკიდებელი შემფასებელი?
ზარალის შემფასებელი არის კვალიფიციური პროფესიონალი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ ფაქტებს და ზარალს იკვლევს.

მისი საქმიანობა, როგორც წესი, მოიცავს შემდეგს:
- სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების შესწავლას;
- დაზიანებული ქონების ან ობიექტის დათვალიერებას;
- ზარალის მასშტაბის დადგენას;
- ფოტოებისა და სხვა მტკიცებულებების შეგროვებას;
- ინვოისების, შეფასებებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმებას;
- პოლისის პირობებთან შემთხვევის შესაბამისობის ანალიზს;
- ზარალის ოდენობის გამოთვლას;
- სადაზღვევო კომპანიისთვის ანგარიშისა და დასკვნის მომზადებას.
როგორ მუშაობს ზარალის შემფასებელი სადაზღვევო შემთხვევის დროს?
ამ საკითხში გასარკვევად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა გზას გადის დამზღვევი სადაზღვევო ზარალის დაფიქსირებიდან საბოლოო ანაზღაურებამდე.
სადაზღვევო ზარალის რეგულირება რამდენიმე ეტაპს შეიძლება მოიცავდეს:
სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინება.
პროცესი ჩვეულებრივ იწყება მაშინ, როდესაც დაზღვეული პირი ან პოლისის მფლობელი ატყობინებს სადაზღვევო კომპანიას შემთხვევის შესახებ. (მაგალითად, ავტომობილის დაზიანება, ბინის ან სახლის დატბორვა, ხანძარი, კომერციული ფართის დაზიანება, ტექნიკის ან სხვა ქონების დაზიანება, ბიზნესისთვის მატერიალური ზიანის მიყენება და ა.შ.)
შემთხვევის გარემოებების შესწავლა
ზარალის დაფიქსირების შემდეგ ზარალის დამოუკიდებელი შემფასებელი შეისწავლის რა მოხდა, როგორ მოხდა, რამ გამოიწვია ზიანი და რაში მდგომარეობს ის. ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერება;
- დაზიანებების ფოტოფიქსაცია;
- მოწმეებთან ან მონაწილეებთან გასაუბრება;
- შესაბამისი დოკუმენტების შესწავლა;
- პოლიციის, სახანძრო სამსახურის ან სხვა ორგანოს დოკუმენტების განხილვა;
- ტექნიკური სპეციალისტების დასკვნების გამოყენება.
შემფასებლის მიზანია, შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების მაქსიმალურად ზუსტად დადგენა.
ზარალის შეფასება
ზარალის შემფასებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დაზიანების ფინანსური მასშტაბის შეფასება. მაგალითად, თუ წყლის გაჟონვამ დააზიანა კომერციული ფართი, შეიძლება საჭირო გახდეს: იატაკის დაზიანების შეფასება, კედლებისა და ჭერის აღდგენის ხარჯების გამოთვლა, დაზიანებული ინვენტარის დადგენა, სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების შესწავლა, შესაბამისი დოკუმენტების შედარება და ა.შ.
სადაზღვევო პოლისის პირობების შემოწმება
ზარალის შეფასება მხოლოდ დაზიანების ღირებულების დადგენას არ გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა: ფარავს თუ არა კონკრეტულ შემთხვევას სადაზღვევო პოლისი? ამისთვის შეიძლება შემოწმდეს: დაზღვევის დაფარვა, სადაზღვევო თანხა, ფრანშიზა, გამონაკლისები, პოლისის მოქმედების პერიოდი, დაზღვეულის ვალდებულებები, კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის პირობები.
მაგალითად, თუ პოლისით გათვალისწინებულია ფრანშიზა, მისი ოდენობა შეიძლება გავლენას ახდენდეს საბოლოო ანაზღაურებაზე. განმარტებისთვის, ფრანშიზა არის ერთგვარი არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელიც პოლისის შეძენისას თანხმდება მხარეებს შორის, და რომელსაც შემთხვევის დადგომისას მზღვეველი არ ანაზღაურებს, ანუ დაზღვეული იხდის საკუთარი სახსრებით.
ვინ ნიშნავს ზარალის შემფასებელს საქართველოში?
საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა დამდგარი ზარალის შეფასებაში დამოუკიდებელ შემფასებელს რთავს.
არის შემთხვევები, როცა სადაზღვევო კომპანია თავადვე ახორციელებს ზარალის რეგულირებას საკუთარი სპეციალისტების მეშვეობით. თუმცა, როგორც წესი ეს ფუნქცია დელეგირებულია მესამე, დამოუკიდებელ და ობიექტურ მხარეზე – ზარალის დამოუკიდებელ შემფასებელზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, პოლისის გაფორმებისას, ღირს წინასწარ დაინტერესდეთ, ვინ იქნება პასუხისმგებელი ზარალის შეფასებაზე და იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი. იმ შემთხვევაში კი, თუ მოხდა ისე, რომ დამდგარ ზარალს დამოუკიდებელი შემფასებელი არ აფასებს, დამზღვევს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზარალის დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვა პროცესში.
რა გავლენა აქვს ზარალის შემფასებელს სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებაზე?
ზარალის შემფასებლის დასკვნას მნიშვნელოვანი როლი აქვს სადაზღვევო მოთხოვნის განხილვისას და როგორც წესი, სადაზღვევო კომპანია უპირველეს ყოვლისა, სწორედ მას ეყრდნობა ზარალის ანაზღაურების პროცესში. მეორე მხრივ, ზარალის შემფასებლის ობიექტური დასკვნა თავისთავად არ ნიშნავს, რომ სპეციალისტს შეუძლია სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილების შეცვლა.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება მზღვეველის გადაწყვეტილებას ზარალის ანაზღაურებაზე, მას შეუძლია პირველ რიგში მიმართოს თავად სადაზღვევო კომპანიას საჩივრით. ამ პროცესში ბოლო ინსტანცია კი – სასამართლოა.
რატომ არის ზარალის შემფასებლის ჩართულობა მნიშვნელოვანი?
სადაზღვევო შემთხვევა ყოველთვის მარტივი არ არის. ერთი შეხედვით მცირე დაზიანების უკანაც კი, შესაძლოა რთული ტექნიკური ან ფინანსური საკითხები იდგეს.
ამდენად, ზარალის შემფასებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა:
- ზარალის რეალური მასშტაბის დადგენა;
- დაზიანების მიზეზის შესწავლა;
- დიდი მოცულობის ქონების შეფასება;
- სარემონტო ხარჯების ანალიზი;
- დოკუმენტების გადამოწმება;
- სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დეტალური ანგარიშის მომზადება.
პროფესიონალის მიერ ჩატარებული ზარალის შეფასება და შესაბამისი დასკვნა ეხმარება სადაზღვევო პროცესის მონაწილეებს, რომ ანაზღაურების გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს დოკუმენტირებულ, მიუკერძოებლად აღრიცხულ ფაქტებს.
რეალურად, ზარალის შემფასებლის მთავარი ფუნქციაა კონკრეტული ზიანის დადგომისას ფაქტების, დაზიანებისა და ზარალის დეტალური შესწავლა. თუ სადაზღვევო შემთხვევის წინაშე აღმოჩნდებით, იმისთვის, რომ სამართლიანი ანაზღაურება მიიღოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი პოლისის პირობები, დროულად აცნობოთ მზღვეველს შემთხვევის შესახებ, შეინახოთ შესაბამისი მტკიცებულებები და ითანამშრომლოთ ზარალის შემფასებელთან.
ხშირად დასმული კითხვები
ანაზღაურებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ზარალის შემფასებელი იღებს?
არა. მისი შეფასება გამოიყენება სადაზღვევო მოთხოვნის განხილვისას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია შესაბამის სადაზღვევო პროცესზე, მზღვეველზე, გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მოქმედ წესებზე.
რა ხდება, თუ სადაზღვევო კომპანიის შეფასებას არ ვეთანხმები?
პირველ რიგში, შეგიძლიათ საკუთარი პრეტენზია დააფიქსიროთ სადაზღვევო კომპანიაში. თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ ან მას ვერ მიიღებთ, რიგ შემთხვევებში, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
საჭიროა თუ არა ზარალის შემფასებელი ყველა სადაზღვევო შემთხვევისთვის?
არა, თუმცა როგორც წესი, ზარალების უმეტესობა შეფასებას მოითხოვს. კონკრეტული პროცესი დამოკიდებულია შემთხვევის ტიპზე, ზარალის მოცულობაზე, სადაზღვევო კომპანიის პროცედურებსა და პოლისის პირობებზე.



